ვსწავლობთ ასტროლოგიას (გაკევთილი #2- სტიქიები & ჯვრები)

ასტროლოგიაში სტიქია ფუნდამენტური ცნებაა. ოკულტიზმში კი ითვლება, რომ სტიქიები სამყაროს პირველადი მდგომარეობაა. ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია მსგავსი თვისებები, რომლის მიხედვითაც მათ ერთი სტიქიის ქვეშ აერთიანებენ. სულ განიხილება 4 სტიქია: (რომლის თანმიმდევრობასაც განსაზღვრავს მათი დაშორება მიწიდან) მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. ეს არის მატერიის 4 ფორმა, რომელსაც ასევე შეიძლება შევუსაბამოთ ადამიანის სულის 4 მდგომარეობა და ტემპერამენტის 4 ტიპი:
• ცეცხლი _ ნება (ქოლერიკი)
• ჰაერი – აზროვნება (სანგვინიკი)
• წყალი – გრძნობა (ფლეგმატიკი)
• მიწა _ ფორმა (მელანქოლიკი)


რაც შეეხება ზოდიქოს ნიშნებს, ერთი სტიქიის ქვეშ მყოფი ნიშნები ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არიან. ყველა სტიქიაში 3 ზოდიაქოა გაერთიანებული და თუ ამ 3 ზოდიაქოს შორის წრეზე სწორ ხაზებს გავავლებთ, მაშინ მივიღებთ სწორკუთხა სამკუთხედს, ანუ მათ შორის ტრიგონიალური (ჰარმონიული) კავშირია.
1. ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი;
2. მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა;
3. ჰაერი – ტყუპები, სასწორი, მერწყული;
4. წყალი – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.

თუ პირად რუკაში განსაკუთრებით გამოხატულია რომელიმე სტიქია, მაშინ ადამიანი დამატებით ამ სტიქიის თვისებების მატარებელი ხდება.
ცეცხლი – არიან იმპულსურები, ფეთქებადები და მოუთმენლები წვრილმანების მიმართ. აქვთ სხარტი აზროვნება და სიტუაციას ალღოს სწრაფად უღებენ. ახასიათებთ დაუფიქრებელი ქმედებები. კარგად ეწყობიან ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებს, მიწას _ საშუალოდ, ხოლო წყალთან კი შეუთავსებლობაა.
მიწა – არიან პრაქტიკულები, რეალისტები და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ. აღიარებენ იმას, რისი დანახვაც და ახსნაც შეუძლიათ. ისინი ყოველთვის საქმიანები არიან და ახორციელებენ ყველა გეგმას. ახასიათებთ სიამაყე და ამის გამო ძალზე ჩაკეტილები არიან. კარგად ეწყობიან მიწას და წყალს. ცეცხლთან საშუალო დამოკიდებულება აქვთ, ისევე როგორც ჰაერთან.
ჰაერი – არიან მხიარულები, კარგი მოსაუბრეები და მათთან ურთიერთობაც ადვილია. კარგად გამოსდით წერა, არ უყვართ ემოციებზე აყოლა და ცდილობენ მოვლენებს ცივი გონებით შეხედონ. არიან ლოგიკურები, აქვთ კარგი წარმოსახვა. კარგად ეწყობიან ჰაერს და ცეცხლს. საშუალო დამოკიდებულება აქვთ მიწასა და წყალთან.
წყალი – ეს ცვალებადობაა. ძლიერ დამოკიდებულები არიან გრძნობებსა და ინსტინქტებზე. აქვთ ადაპტაციის უნარი. მათთვის არ არის აუცილებელი ლოგიკური აზროვნება, რადგან კარგად აქვთ განვითარებული ქვეცნობიერი და ინტუიცია. ცხოვრებისეულ სირთულეებს თავს კარგად ართმევენ, შეუძლიათ ადამიანის გამოცნობა. ძლიერი წინათგრძნობა მათი ერთ-ერთი გამოხატული თვისებაა. კარგად ეწყობიან წყალს და მიწას, ჰაერთან საშუალო დამოკიდებულებაა, ხოლო ცეცხლთან შეუთავსებლობა.

12 ზოდიაქო, რომელიც წინა გაკვეთილში დავყავით სტიქიებად, ასევე იყოფა შემდეგ 3 ჯგუფად (სწორედ ეს არის მიზეზი ერთ სტიქიაში მოქცეული ნიშნების განსხვავებული ხასიათისა):
• კარდინალური ნიშნები – ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა;
• ფიქსირებული ნიშნები – კურო, ლომი, მორიელი, მერწყული;
• მუტაბელური ნიშნები – ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები.
ზოდიაქოს წრეზე:
კარდინალური ჯვარი – ეს არის მყარი, უცვლელი სფეროები, საერთო კანონზომიერება;
ფიქსირებული ჯვარი – ეს არის სხვადასხვა სფეროს გამოკვლევები, ექსპერიმენტები;
მუტაბელური ჯვარი – ეს არის ამ ექსპერიმენტების შედეგების გამოყენება და ათვისება;

ცეცხლი:
• კარდინალური ცეცხლი (ვერძი) – საერთო საკაცობრიო იდეა და არსი, ლიდერი, მოძღვარი;
• ფიქსირებული ცეცხლი (ლომი) – გამოკვლევა, თუ როგორ მოქმედებს ეს საერთო საკაცობრიო არსი და იდეა სხვადასხვა აუდიტორიაში და სფეროში; მსახიობი.
• მუტაბელური ცეცხლი (მშვილდოსანი) – ცვალებადობა, სიტუაციის მიხედვით ქცევა.
წყალი:
• კარდინალური წყალი (კირჩხიბი) – სუფთა და დიდი ენერგიის ნაკადი. იდეალური მშობელი;
• ფიქსირებული წყალი (მორიელი) – გამოცდა, მოქმედებს ხან როგორც ჩანჩქერი, ხან როგორც უბრალო ნაკადული. ეს არის ენერგიის ნაკადების თამაში, ხანდახან სიკვდილის ზღვარზეც კი;
• მუტაბელური წყალი (თევზები) – ძალიან ნატიფი ემოციები, რომლებიც ინტუიციურად იმართება სიტუაციის შესაბამისად.
ჰაერი:
• კარდინალური ჰაერი ( სასწორი) – კონტაქტის დამყარება, ურთიერთდამოკიდებულების საერთო პრინციპის პოვნა, წონასწორობა და სამართლიანობა;
• ფიქსირებული ჰაერი ( მერწყული) – ურთიერთდამოკიდებულების პრონციპების შესწავლა სხვადასხვა სფეროში;
• მუტაბელური ჰაერი (ტყუპები) – ყველა ადამიანს გააგებინოს მთავარი არსი. შესაბამისად, ისინი საუკეთესო ჟურნალისტები და ფსიქოლოგები არიან.
მიწა:
• კარდინალური მიწა (თხის რქა) – საერთო პრინციპების დამტკიცება და გამყარება იერარქიულად. თხის რქა არსით ამ საქმეში არქიტექტორია;
• ფიქსირებული მიწა (კურო) – სხვადასხვა ფორმის შექმნა, ექსპერიმენტები მატერიალურ სამყაროში. მიწათმოქმედებისთვის რომელი ნიადაგი ან კონკრეტული ნივთისთვის რომელი მასალაა უკეთესი და შედეგიანი. ის მოქანდაკეა არსით;
• მუტაბელური მიწა (ქალწული) – ის კუროს ექსპერიმენტების შედეგებს სრულყოფილებამდე ამუშავებს და ახალ ტექნოლოგიებს ქმნის, რომელიც ყოველ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ყოველდღიურობაში გამოიყენოს. მათგან იდეალური ტექნოლოგები, მედდები, ინსტრუქტორები გამოდიან.

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”



გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ