ასტროლოგია მოიცავს ბევრ მიმართულებას. მაგალითად, ადამიანის ხასიათისა და მისი ცხოვრებისეული სცენარების გასარკვევად ვნახულობთ დაბადების რუქას; ამას ნათალური რუქა ეწოდება. მომავლის და წარსულის გასაანალიზებლად გამოიყენება პროგნოზირების მეთოდები. ასევე არსებობს ასტროლოგიის მთელი დარგი, რომელიც იკვლევს ქალაქებისა და ქვეყნების ჰოროსკოპებს; ამას მუნდანური ასტროლოგია ეწოდება. არის ასევე ჰორარული ასტროლოგია, რაც ლათინურიდან რომ გადმოვთარგმნოთ სიტყვასიტყვით, ნიშნავს საათობრივ ასტროლოგიას (hora – საათი). მას ასევე ეწოდება მოცემული მომენტის ასტროლოგია, ან კითხვის ასტროლოგია. ეს არის ასტროლოგიის ერთ-ერთი უძველესი დარგი, ასტროლოგიური პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც ეძებს პასუხს მოცემულ კითხვაზე, და ძირითადად გამოიყენება ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკავშირებული პირადი კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიზნით მზადდება ჰორარული ჰოროსკოპი, ანუ ჰოროსკოპი, რომელიც შედგენილია ასტროლოგისთვის კითხვის დასმის მომენტში და იმ ადგილის შესაბამისად, სადაც შეკითხვა დაისვა.
მოვიყვანოთ ჰორარული ასტროლოგიის ისტორიიდან რამოდენიმე ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიის ყველა სხვა დარგები წარმოიშვა ბერძნულ-რომაულ სამყაროში ანტიკური ხანის პერიოდში ან უფრო ძველი ბაბილონური წარმოშობა აქვს, ჰორარული ასტროლოგიის კონცეფცია განვითარდა ინდურ პრაშნა-შასტრაში.
პირველი ასტროლოგიური სწავლებები აღმოცენდა ინდოეთში არაუგვიანეს ძვ. წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანებისა. ისინი ადაპტაციის შემდეგ შეიტანეს ვედებში. თუმცა ინდური ასტროლოგიის განვითარების ბუმს ადგილი ჰქონდა ძვ. წ. მე-3 საუკუნის შემდეგ, ინდოეთსა და ბერძნულ-რომაულ სამყაროს შორის სამხედრო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შედეგად, როდესაც ბერძნული ტექსტები, რომლებიც შეიცავდა ელინთა მათემატიკური ასტროლოგიის ელემენტებს, სანსკრიტზე ითარგმნა.
დიდი ალბათობით, ჰორარული ასტროლოგია არის ბერძნების კატარქიული (ელექტიური) ასტროლოგიის სახეშეცვლილი ვერსია. თუ ანტიკური პერიოდის ასტროლოგები ღონისძიების წარმატებულობის დასადგენად, ჰოროსკოპს აგებდნენ შესასწავლი მოვლენის დაწყების მომენტზე ან ეყრდნობოდნენ ვარსკვლავური გავლენების ზოგად მონაცემებს, ინდოელმა ასტროლოგებმა ჰოროსკოპის აგება დაიწყეს ასტროლოგთან რჩევისთვის მიმართვის მომენტზე.
ინდოელებისაგან ჰორარული ასტროლოგია ფართოდ გახდა ცნობილი არაბი ასტროლოგებისთვის ჩვ. წ. IX-X საუკუნეებში, ხოლო მათი მეშვეობით, გვიან შუა საუკუნეებში, აღმოსავლური სწავლებებისა და მეცნიერებების ლათინურ დასავლეთში შეღწევის შემდეგ, ცნობილი გახდა ევროპელი ასტროლოგებისთვის.
ევროპაში კითხვების ასტროლოგიამ აყვავების პიკს იტალიელი ასტროლოგის გვიდო ბონატის მოღვაწეობის შედეგად მიაღწია, რომელმაც ამ სწავლებაში ბევრი ახალი დებულება შემოიტანა. დასავლეთის გამორჩეულ ასტროლოგად ასევე ითვლება უილიამ ლილი, რომელიც ჰორარულ ასტროლოგიაშიც მუშაობდა. მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომმა “ქრისტიანული ასტროლოგია”, რომელიც გამოიცა 1647 წელს და ხელახლა გამოქვეყნდა 1659 წელს, არ დაკარგა პოპულარობა თანამედროვე დროშიც კი, და გახდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სახელმძღვანელო ჰორარული ასტროლოგიის შესახებ. პირველად მრავალსაუკუნოვანი დავიწყების შემდეგ, “ქრისტიანულმა ასტროლოგიამ” კვლავ იხილა სინათლე 1985 წელს, როდესაც ბრიტანულმა გამომცემლობამ “Regulus”-მა 1647 წლის მოდელზე დაყრდნობით ხელახლა გამოსცა ეს ნაშრომი. ამის შემდეგ ის მრავალჯერ გამოიცა სხვადასხვა ენაზე (მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულად არა).
ჰორარული ასტროლოგიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კლაუდიო დარიომ, ჯონ გადბერიმ, ალ-ბირუნიმ, მესალამ, ზაელმა და ალი ბენ რაგელმა.
რითია მიმზიდველი ეს მეთოდი? ის საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ ნებისმიერ საინტერესო კითხვას მოცემულ მომენტში, და ამისათვის საერთოდ არ არის საჭირო დაბადების თარიღის ცოდნა. ძირითადი განსხვავება ჰოროსკოპის კლასიკური ინტერპრეტაციისაგან არის იმ მომენტის ანალიზი, როდესაც ასტროლოგს დაუსვამენ შეკითხვას, ასტროლოგი გაიაზრებს მას და შეუდგება მის გაანალიზებას. ასეთ შემთხვევებში საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგნელია კვერენტი (ასე ეწოდება ადამიანს, რომელიც სვავს კითხვას). ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ არ არის დაბადების ზუსტი დროის გარკვევის (რაც ხშირად საკმაოდ რთული ამოცანას წარმოადგენს) აუცილებლობა.
თავად კითხვა ასტროლოგს უნდა დაუსვათ ისე, რომ მასზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყოს: „კი“ ან „არა“. მაგალითად, ვთქვათ, რომ კითხვა ეხება მომავალს. “რა მელოდება მომავალში?” — ეს ძალიან განზოგადებული ფორმაა. უნდა იყოს დაკონკრეტებული, მაგალითად, „მე და ჩემი შეყვარებული დავქორწინდებით?” ან “მივიღებ ამ სამუშაოს?”. არ არის რეკომენდებული “წინააღმდეგობრივი” კითხვების დასმა, მაგალითად, “დავშორდებით თუ არა მე და ჩემი მეუღლე?”, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ამის მიზეზი არ არსებობს. როდესაც კითხვა ასეთი ფორმითაა დასმული, ძნელია შეაფასო პასუხი “დიახ”: ის ნიშნავს „დიახ, ერთად იქნებით“ თუ „დიახ, დაშორდებით“. ასეთ შემთხვევებში, ასტროლოგი ფსიქოლოგის როლსაც ასრულებს. ამიტომაც არის სასურველი ასტროლოგიის შემსწავლელმა ასტროფსიქოლოგიის კურსიც გაიაროს.
ასტროლოგი უყურებს რამდენად სწორად არის დასმული კითხვა, და აქვს თუ არა სამყაროს მასზე პასუხი. მაგალითად, კვერენტმა შეიძლება დასვას კითხვა: „ჩააბარებს თუ არა ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში?“. მაგრამ მას სინამდვილეში აწუხებს არა უმაღლესში მოხვედრა/არ მოხვედრის ფაქტი, არამედ ფინანსური ტვირთი, რომელიც ამ შემთხვევაში მას მხრებზე დააწვება. ამიტომაც მნიშვნელოვანია თავიდანვე გადამოწმდეს, რამდენად სწორად არის ფორმულირებული კითხვა.
არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი, რომელიც გვიჩვენებს, არის თუ არა კითხვა თემიდან ამოვარდნილი, ძალიან ადრეა, ან უკვე დაგვიანებულია ამ კითხვის დასმა. ამას ჰქვია რუქის რადიკალობა. თუ რუქა არ არის რადიკალური, მაშინ ანალიზის დაწყებას (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) აზრი არა აქვს.
თუ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტული შეკითხვა და მასზე პასუხი, ჰორარი აუცილებლად დაგეხმარებათ მის გარკვევაში. მაგრამ როდესაც გსურთ იცოდეთ, რა გელით ზოგადად მომავალში, უნდა მიმართოთ უფრო სრულყოფილი და შრომატევადი პროგნოზირების მეთოდებს.
მოამზადა: ინგა სირაძემ