ვსწავლობთ ასტროლოგიას (გაკევთილი # 5 — ასპექტები)

მხოლოდ პლანეტების მდებარეობა ნიშნებში და სახლებში არ არის საკმარისი ნატალური რუქის წასაკითხად ან პროგნოზის გასაკეთებლად. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ პლანეტების ერთმანეთთან დამოკიდებულება.
ასტროლოგიურ რუკაში პლანეტების ერთმანეთთან დამოკიდებულებას ასპექტაცია ეწოდება,
ორი პლანეტის საერთო კუთხეს კი ასპექტი.
ასპექტების უამრავი სისტემა არსებობს და გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული კი მაჟორული ასპექტებია. ასევე ფართოდ გამოიყენება მინორული ასპექტებიც (იხ. ცხრილები).

ზოგჯერ ერთი პლანეტა რამდენიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, რის გამოც სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა. ასპექტები უმეტესად სწორი და ზუსტი არ არის.
ე.წ. ორბისი გვიჩვენებს ასპექტის მოქმედების ძალას.
ორბისი – დაშორება პლანეტებს შორის. მაგალითად, თუ მზე არის 10 გრადუსზე, ხოლო მერკური 13 გრადუსზე, მაშინ გამოდის, რომ მზე-მერკურის შეერთებას აქვს 3 გრადუსიანი ორბისი. ორბისი არ არის მკაცრად განსაზღვრული სიდიდე: ის დამოკიდებულია პლანეტის სიძლიერეზე ამა თუ იმ ნიშანში და შესაბამისად ლავირებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ცხოვრების მანძილზე კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება შეიცვალოს ორბისის მოქმედების სიდიდე, რაც უკვე მის სულიერ განვითარებაზეა დამოკდიდებული. ორბისის გავლენა ძირითადად 3-დან 10-გრადუსამდე მერყეობს.

თუ ასპექტში მონაწილეობს რომელიმე მნათობი (მზე ან მთვარე) მაშინ ორბისის სიდიდე შეიძლება 2-ჯერაც გაიზარდოს, ნელა მოძრავი პლანეტების შემთხვევაში კი პირიქით – მცირდება.
ასევე ასპექტები იყოფა აპლიკაციურ ასპეტებად (როცა პლანეტები ერთმანეთისკენ მოძრაობს) და სეპარატიულ (როცა პლანეტები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ) ასპექტებად, უფრო მარტივად გამავალი და შემავალი ასპექტი.

მაგალითად, ვთქვათ მზე კუროს მე-12 გრადუსზეა, ხოლო ვენერა კუროს მე-17 გარადუზე. ვენერა მზეზე ჩქარია და მის წინ მოძრაობს – გამოდის, რომ ეს სეპარატიული შეერთებაა, რადგან უკვე შორდებიან ერთმანეთს. ხოლო თუ მზე მე-12 გრდასუზე დგას და ვენერა მე-9-ზე, ე.ი. ვენერა მზისკენ მოძრაობს და ასეთ შეერთებას აპლიკაციური ეწოდება. იგივე ხდება მაგალითად, რეტროგრადული (უკანმავალი) ვენერას შემთხვევაში, ვენერა მოდის უკან და ისევ მზეს უნდა შეურთდეს. ესეც აპლიკაციური შეერთებაა. მაგრამ ამგვარი ორი ასპექტი განსხვავებას გვაძლევს. ვენერას შეერთება მზესთან კუროში უფრო ჰარმონიულია, ვიდრე რეტროგრადული ვენერას შეერთება მზესთან. ვენერას რეტროგრადულობა უფრო მეტ შინაგან დაძაბულობას იძლევა (პრინციპით – „ძალიან მინდა, მაგრამ არ შემძილია“).

ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ ასპექტები. ძირითადი ასპექტები წრის პირველი სამ რიცხვზე (1,2,3) გაყოფის გზით მიიღება:

შეერთება (კონიუქცია) =360 ( შესაბამისად 0-) გრადუსი;
ორ პლანეტის ძალთა გაერთიანება ხდება (შესაბამისად ხან ჰარმონიულია, ხან დაძაბული), ორბისის 10 – გრადუსამდე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტია. ის გამოიხატება როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე, ასევე ცხოვრებისეულ მოვლენებში. ორი შეერთებული პლანეტა ადამიანის ყველაზე დომინანტურ და გამოკვეთილ თვისებებს გამოხატავს. შეერთება სწორედ ის ასპექტია, რაც საკვანძო მომენტებს ქმნის ცხოვრებაში.


ოპოზიცია (პირისპირდგომა) =360 : 2 = 180 – გრადუსი;
იქმნება ძლიერი დაძაბულობა ორბისის 9 – გრადუსამდე.
ოპოზიცია მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებშიც აუცილებელია ბალანსის დაცვა და ოქროს შუალედის პოვნა. ეს ასპექტი მუდმივად მოქმედებს და მასში მონაწილე პლანეტები ბლოკავენ ერთმანეთს. ოპოზიცია გვაძლევს ისეთ სიტუაციებს, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. ის აუცილებლად უნდა მოხდეს და უნდა გადავლახოთ, რაც არ უნდა რთული იყოს. ხშირად, როცა ადამიანს ჰოროსკოპში არ აქვს ოპოზიცია, მას უჭირს ურთიერთობების დამყარება, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან ოპოზცია გვაძლევს სტიმულს ჩვენში გამოვიმუშაოთ ისეთი თვისებები, რომლებიც არ მოგვეპოვება. „უოპოზიციო“ ადამიანს კი ეს არ შეუძლია.

ტრიგონი =360 : 3=120 – გრადუსი;
მყარდება ძლიერი ჰარმონია, ორბისი 8 – გრადუსამდე.
ეს არის ყველაზე ძლიერი ჰარმონიული ასპექტი, რომელიც მუდმივად მოქმედებს და მიგვითითებს ადამიანის ხასიათის საუკეთესო თვისებებზე და იმ სფეროზე, სადაც ყველაზე მეტი წარმატება ელოდება. ამ ასპექტს 2 პლანეტის ენერგიების გაერთიანება ქმნის, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულად „თანამშრომლობენ“. ტრიგონი ასევე არის დაბადებიდან თანდაყოლილი ნიჭი, ეს არის ასპექტი, რომელიც ხელს გვიწყობს წამატებასა და ურთიერთობებში.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ რუკაში ადამინს აქვს ბევრი ძლიერი ტრიგონი და დაძაბული ასპექტები ცოტაა, მაშინ ასეთი ადამიანი მალევე ზარმაცდება, რადგან ყველაფერი ადვილად გამოსდის და აღარ თვლის საჭიროდ განვითარდეს. ამიტომ ტრიგონი არ არის „ბედნიერების“ ასპექტი, ეს უფრო მიზნის მარტივად მიღწევას იძლევა და ხშირად გვხვდება სულიერად დაბალგანვითარებული ადამიანების რუკაში, ისეთი ადამიანის, რომელიც მორალის გარეშე იღებს ცხოვრებიდან ყველაფერს, რადგან ადვილად ეძლევა…

კვადრატი =180 (ოპოზიცია): 2=90 – გრადუსი:
იქმნება ძლიერი დაძაბულობა, ორბისი 8 გრადუსამდე.
ეს ძლიერ დაძაბული ასპექტია, მაგრამ ოპოზიციისგან განსხავებით, მუდმივად არ მოქმდებს. ის ცხოვრებაში იძლევა უეცარ სირთულეებს, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს, რათა არ გართულდეს და ღია კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადავიდეს.
თუ ოპოზიციის დროს პლანეტები ერთმანეთს ბლოკავენ, აქ პირიქითაა – ერთმანეთს ებრძვიან. ასპექტის ამოქმედების დროს ხდება ენერგიის ძლიერი გამოტყორცნა და სიტუაცია მის მორიგ ამოქმედებამდე წყნარდება.
თუ ადამიანს ჰოროსკოპში ბევრი კვადრატურა აქვს, ის ბავშვობიდან ეჩვევა სირთულეებს და ასაკის მატებასთან ერთად უფრო ადვილად ლახავს მათ. უფრო რთულადაა საქმე იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს კვადრატი – ასეთი ადამიანი სრულიად ბრძოლის უუნაროა და იწყებს ილუზიებში ცხოვრებას, თითქოს ყველაფერი კარგად არის.
კვადრატურის დამუშავება საკმაოდ რთულია, რადგან მასში მონაწილე პლანეტები მწვავე სიტუაციებს ქმნიან, ამასთან ძალიან რთულია ამ პლანეტების ენერგიების „ფლობა“, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, რომ კვადრატრების გარეშე არც ერთი დიდი წარმატება არ ხდება, რადგან ესაა სტიმული. პოლიტიკოსების, სპორტსმენების , ბიზნესმენების და ყველა იმ ადამიანის ჰოროსკოპში, რომელთაც შეუძლიათ თქვან: „მე ეს შევძელი“ – კვადრატურა მკვეთრად გამოხატული ასპექტია..

სექსტილი = 120 (ტრიგონი)–: 2=60 – გრადუსი;
ჰარმონიული ასპექტია, უფრო სუსტი ვიდრე ტრიგონი, ორბისის 6 გრადუსამდე.
ეს ძლიერი ასპექტია, რომელიც ტრიგონისაგან განსხვავებით პერიოდულად მოქმედებს. სექსტილი გვაძლევს საშუალებას ცხოვრებისგან სასურველი შედეგები შრომის ფასად მივიღოთ. ამ ასპექტის მოქმედება მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის ქმედებებზე.
თუ ადამიანის ჰოროსკოპში არის მხოლოდ ტრინები და არ არის სექსტილები, ან ცოტაა, ასეთ შემთხვევაშიც იძლევა სიზარმაცეს. მაგრამ თუ ორივე ასპექტები მოიპოვება, ესეც საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რადგან ადამიანი განებივრებულია და ხშირად მიდის ვა-ბანკზე.
სექსტილი ასევე არის ნიჭი, რომელსაც განვითარება სჭირდება (ანუ არათანდაყოლილი). საბოლოო ჯამში, ეს არის დიდი შესაძლებლობების ასპექტი, რომლიც შედეგებს შრომის ფასად გამოიღებს.

ნახევარი სექსტილი = 60(სექსტილი) : 2=30- გრადუსი:
ძალიან სუსტია, ორბისის 1 გრადუსამდე.
ეს ასპექტი საკმაოდ სუსტია, მაგრამ გვეხმარება ზედმეტი შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში, რათა უფრო კარგად დავინახოთ სიტუაციებიდან გამოსავალი. ნახევარსექსტილი ადამიანის ხასიათში უფრო მემკვიდრეობთ შტრიხებზე მიუთითებს, ვიდრე შეძენილზე. თუ ეს ასპექტი ტრანზიტში ან პროგრესიაში შეგხვდათ, მაშინ ის ადამინს ეხმარება საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდეს.

ნახევარი კვადრატი : =90(კვადრატი):2 = 45 – გრადუსი:
სუსტად დაძაბული ასპექტია, ორბისის 2 გრადუსამდე.
ეს ასპექტი სუსტია, ძირითადად ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე მიუთითებს, რომლებიც ქვეცნობიერად მოქმედებენ მასზე. ეს ასევე არის ადამიანის ფარული მოტივები და ქმედებები. რუკაში ასვე იძლევა იმედგაცრუებას მემკვიდრეობის და შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებულ საკითხებში.

კვინტილი : 360 : 5=72 გრადუსი;
ძალიან სუსტი შემოქმედებითი ასპექტია, ორბისის 1,5 გრადუსამდე.
ეს ასპექტი მიგვითითებს, თუ როგორ და სად მოვახერხოთ შემოქმედებითი რეალიზაცია. ხშირად იძლევა განსაკუთრებულ ნიჭს.

ბიკვინტილი : 72 (კვინტილი) * 2 = 144 – გრადუსი.
კვინტილისა და ბიკვინტილის ასპექტებს პენტაგრამიდან ვიღებთ. ისინი ძალზე ნაზი და მგრძნობიარენი არიან.
ეს არის შემოქმედებითი (არასტანდარტული) განვითარების სტიმული. ძრითადად სულიერ ცხოვრებაზე აისახება.

კვინკუნქსი : 90 (კვადრატი) + 60 (სექსტილი) = 150 გრადუსი;
კვინკუქსი სექსტილის ასპექტთან შედარებით სუსტია, ორბისის 2 გრადუსამდე.
ამ ასპექტს „ბუმერანგის პრინციპი“ შეიძლება ეწოდოს. ის 150 გრადუსიან კუთხეს იძლევა და როგორც ფორმულიდან ჩანს, მიიღება ჰარმონიული და დაძაბული ასპექტების ჯამით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „დაბრუნებული სიტუაციაები“ ხან კარგია, ხან ცუდი და ჩვენი ქმედების პირდაპირპროპორციულია. ძირითადად, ეს ასპექტი ჰარმონიას ქმნის ყველა სიტუაციაში, მაგრამ უფრო ხშირად არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ როგორც სწორია.

მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ