ვსწავლობთ ასტროლოგიას (გაკევთილი # 6 — სახლები)

ყველამ ვიცით, რომ ჩვენთვის ხილულ ცის დიდ წრეწირს, რომელზეც მზე ვარსკვლავებს შორის მოძრაობს ეკლიპტიკა ეწოდება. ზოდიაქოს სახლი ან ჰოროსკოპის სახლი – ასტროლოგიაში ეს ეკლიპტიკის მონაკვეთია.
სწორედ ეკლიპტიკაზე კონკრეტული მომენტისთვის მზის მდებარეობა და დედამიწის მოძრაობა თავისი ღერძის გარშემო იძლევა ასტროლოგიურ სურათს (მიზეზი თუ რატომ არის აუცილებელი დაბადების ზუსტი დროის და გეოგრაფიული კოორდინატების ცოდნა. ანუ ეს არის რაკურსი, თუ როგორ ვხედავთ კოსმოსს კონკრეტულ დროს და კონკრეტული ადგილიდან), სადაც სახლები გადანაწილებული არიან სწორედ ამ კონკრეტული მოძრაობის მომენტისთვის.
სახლები ზოდიაქოს წრეზე საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. არსებობს სახლების დაყოფის უამრავი სისტემა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა. თანამედროვეობაშიც არაერთი გამოყენებადი სისტემაა, მაგრამ ჩვენ ახლა შევჩერდებით პლაციდუსზე. ეს არის სახლების სისტემა, რომელიც დასავლურ ასტროლოგიაში ყველაზე პოპულარულია. თუ საუკუნეების წინ მიღებული იყო სახლების ტოლ ნაწილად დაყოფა (ანუ ყველა სახლი 30 გრადუსის ტოლი იყო) მე-17 საუკუნიდან უკვე შესაძლებელი გახდა ტელესკოპების და ცხრილების საშუალებით უფრო ზუსტად გამოეთვალათ სახლების მდებარეობა და შედეგად წრეზე უკვე სხვადასხვა ზომის სექტორებს ვღებულობთ.
ეკლიპტიკის მოძრაობას საფუძვლად უდევს 4 ასტრონომიული წერტილი, რაც ასტროლოგიაში მოიხსენიება, როგორც კუთხის წერტილები (ეს კი იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუკის შესადგენად წრის მაგივრად კვადრატს იყენებდნენ). Eეს სწორედ წრის ის წერტილებია, რომლებზეც წინა გაკვეთილშიც ვისაუბრეთ: Asd, IC ,DSC, MC. ყველა დანარჩენი კუსპიდი უკვე ამ 4 წერტილთან მიმართებაში გამოითვლება.
მიზეზი, თუ რატომ არის სახლები სხვადასხვა ზომის და რატომ იცვლება ყოველ 1 წუთში მათი კუსპიდები (საზღვარი) გასაგებია. ახლა კი განვიხილოთ თითოეული სახლი ცალ-ცალკე.
ზოდიაქოს სახლი მარტივად რომ ავხსნათ, არის სცენა, სფერო, სადაც ხდება ადამიანის თვითრეალიზაცია, მოქმედების განვითარება. ყველა სახლს აქვს თავისი მახასიათებელი და ამ სახლში მოქცეული ზოდიაქოს ნიშანი თუ პლანეტა დამატებით თვისებებს იძენს _ ხან უარყოფითს, ხან დადებითს.
I სახლი (ASC) შეესაბამება ვერძის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ მარსი და პლუტონი. ის თავად ადამიანის სიმბოლოა, მისი პიროვნების, ხასიათის, გარეგნობის, სიარულის მანერის, ქცევისა და თვითგამოხატულების.
II სახლი შეესაბამება კუროს ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ ვენერა და ქირონი. ეს არის ფასეულობები, ტალანტი, დაგროვების თვისება, ფული, ქონება, შემოსავალი და გასავალი, კვება, ნივთები, გამოცდილება და შესაძლებლობები.
III სახლი შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ მერკური და პროზერპინა. ეს არის კონტაქტები, ურთიერთობა, და-ძმა, მეზობლები, საუბარი, წერილი, საქმე, მგზავრობა, ახალი ნაცნობები, კავშირები, მცირე და საშუალო ბიზნესი, საქმიანი თვისებები.
IV (IC) სახლი შეესაბამება კირჩხიბის ზოდიაქოს. მისი მმართველია მთვარე. ეს არის გარემო სადაც ადამიანი არსებობს, მშობლების სახლი, საცხოვრებელი ადგილი, სამშობლო და მშობლიური კუთხეები, სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწა, პატრიოტიზმი, ტრადიციები, მემკვიდრეობა _ როგორც ქონებრივი, ასევე გენეტიკური.
V სახლი შეესაბამება ლომის ზოდიაქოს. მისი მმართველია მზე. ეს არის საზოგადო მოღვაწეობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, თვითგამოხატვა, სამსახიობი ნიჭი, მასწავლებლობა, სპორტი, ჰობი, საპირისპირო სქესით გატაცება, ბავშვები, სიყვარული, საყვარელი ადამიანი, აზარტული თამაშები, საფონდო ბირჟა.
VI სახლი შეესაბამება ქალწულის ზოდიაქოს, მმართველი პლანეტები _ მერკური და პროზერპინა. ეს არის სამსახური დაქვემდებარებულ პოზიციაზე, თანამშრომელი, ლუკმაპურისთვის შრომა, მომსახურების სფერო, ჯანმრთელობა, სამედიცინო დაწესებულებები, დიეტა, კოსმეტოლოგია, ორგანიზმის მოვლა, ჰიგიენა, შინაური ცხოველები, საყოფაცხოვრებო პრობლემები.
VII სახლი (DSC) შეესაბამება სასწორის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ ვენერა და ქირონი. ეს არის ოფიციალური ურთიერთობები, პარტნიორები, დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ქორწინება (პირობები, ქორწინების რიცხვი, განშორება და ა.შ.), ხელშეკრულება, კავშირი, თანამშრომლობა, ინდივიდუალური კონსულტაცია, კომპრომისი, ოპონენტები (ანუ ღია მტრები).
VIII სახლი შეესაბამება მორიელის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ მარსი და პლუტონი. ეს არის მემკვიდრეობა, მზითვი, ვალი, კრედიტი, სხვის ფულთან მუშაობა, დიდი ფინანსები, დიდი ბიზნესი, სიკვდილი, საშიშროება, განუკურნებელი ავადმყოფობა, საშიში მოვლენები, მაგია, მისტიკა, სექსი, კრიმინალი, პოლიცია, კასკადიორი, ტრანსფორმაცია.
IX სახლი შეესაბამება მშვილდოსანს. მმართველი პლანეტები _ იუპიტერი და ნეპტუნი. ეს არის შორეული მოგზაურობა, უმაღლესი განათლება, სამეცნიერო კარიერა, კავშირი უცხოეთთან, ადამიანის დანიშნულება ამ ცხოვრებაში, იდეალები, რელიგია, ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, სულიერი მასწავლებელი, კანონი, იურისპრუდენცია.
X სახლი (MC) შეესაბამება თხის რქის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ სატურნი და ურანი. ეს არის კარიერა, სოციალური სტატუსი, თანამდებობა, პოლიტიკა, სიამაყე, დიდება, პატივი, ცნობადობა, მატერიასთან დამოკიდებულება.
XI სახლი შეესაბამება მერწყულის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ სატურნი და ურანი. ეს არის ალტრუიზმი, თავისუფლება, მეგობრები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, საზოგადოებრივი სამსახური ანაზღაურების გარეშე, მფარველი, მეცენატი, კლუბი, ასტროლოგია, ადამიანის წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალურად მოწყობილი მსოფლიო, მომავალი, თანასწორობა.
XII სახლი შეესაბამება თევზების ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ იუპიტერი და ნეპტუნი. ეს არის ფარული მოქმედება, საიდუმლო ორგანიზაციები, ფარული მტრები, არალეგალურობა, განმარტოება, იზოლაცია (მონასტერი, ციხე, ექსპედიცია, საავადმყოფო, მოხუცთა თავშესაფარი, ფსიქიატრიული საავადმყოფო და ა.შ.), ჯარიმები, სანქციები, საიდუმლო, წუხილი, საიდუმლო ცოდნა (ეზოთერია, ოკულტიზმი), კარმა, შთაგონება, შემოქმედება, თვითანალიზი.

მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ